12/12/2020
ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის დარგში სპეციალისტთა პრაქტიკული საქმიანობა ორგანულად არის დაკავშირებული ეკონომიკური აღმავლობისთვის ისეთ აუცილებელ და უმნიშვნელოვანეს სასიცოცხლო პრობლემებთან, როგორიცაა სასმელი, სამკურნალო-მინერალური, სამრეწველო, თერმული მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რესურსების ძიება და მათი რაციონალურად გამოყენება. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვადასხვა დანიშნულების მიწისზედა თუ მიწისქვეშა საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის და ექსპლუატაციის პირობების შეფასება და უზრუნველყოფა, საინჟინრო-გეოდინამიკური პროცესების და მოვლენების - ეროზია, აბრაზია, მეწყრები, ღვარცოფი და სხვ. პროგნოზი, ამ მოვლენებით გამოწვეული უაღრესად ნეგატიური შედეგების მინიმიზაციის ან საერთოდ აღმოფხვრის მიზნით. საქართველოს წიაღი უაღრესად მდიდარია ზემოთ დასახელებული ბუნებრივი წყლების რესურსებით, რაც ქვეყნის ეკონომიკის ამაღლების მიზნით ამ რესურსების გამოყენების ფართო პერსპექტივას ქმნის. ისიც ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი მთაგორიანი, რთული, ინტენსიურად დანაწევრებული რელიეფის პირობებში გეოდინამიკური პროცესების ხშირი გამოვლინება ჩვეულებრივი მოვლენაა. იბადება კითხვა - ვინ, თუ არა ინჟინერ-გეოლოგმა უნდა შეაფასოს მეწყრების, ღვარცოფების, წყალდიდობების, ეროზიის და სხვა სტიქიური მოვლენების ჩასახვა-განვითარების მექანიზმი და დასახოს მათი განეიტრალების ღონისძიებები? ცოტა გვყავს საქართველოში აჭარიდან, სვანეთიდან, რაჭიდან და სხვა მთიანი რეგიონებიდან ეკოლოგიური მიგრანტები? და, თუ პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სამთო ტურიზმია, განა შეიძლება ამ მიმართულების ნორმალურად განვითარება ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური უზრუნველყოფის გარეშე? ისიც სათქმელია, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, აზია-ევროპის დამაკავშირებელი საგზაო თუ სხვა სახის კომუნიკაციები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის ან გაივლის და ყველა შემთხვევაში ამგვარ მშენებლობას გეოლოგიური დასაბუთება დასჭირდება.