11/05/2026
⭐ Hero JournEY - გიორგი ძოწენიძის ამბავი
„ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი გზა მაშინ იწყება, როდესაც თავს დაკარგულად ვგრძნობთ - როდესაც ძველი პასუხები აღარ გვაკმაყოფილებს, ხოლო ახალი ჯერ ვერ გვიპოვია. სწორედ ასეთ დროს დაიწყო ჩემი მოგზაურობაც, როცა მივხვდი, რომ დიადი მიზნისკენ სავალ გზას - ცხოვრებისეული გამოცდებითა და დაბრკოლებებით სავსეს - მითური გმირის მსგავსად, თითოეული ჩვენგანი გადის.
ჩემს გზას სამი წლის წინ შევუდექი, როცა უნივერსიტეტის კედლებში ყოველდღიურად ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლების დაკარგვას განვიცდიდი. მეოთხე კურსზე ვიყავი, დასაქმების ბაზრით უკმაყოფილო, იმედგაცრუებული და მოტყუებული. სწორედ ამ დროს EY გამოჩნდა თავისი სუპერშემოთავაზებით: მიფინანსებდა Financial Accounting-ის გამოცდის ჩაბარებას და მაძლევდა საგამოცდო მასალებს. განსაკუთრებით მიზიდავდა არჩევანი, გამოცდის შემდეგ თავად გადამეწყვიტა, EY-ში დავრჩენილიყავი თუ ეს ცოდნა სხვაგან გამომეყენებინა.
სწორედ აქ იწყება ჩემი გადასვლა ჩვეულებრივიდან განსაკუთრებულ სამყაროში. დიდი მონდომებით დავიწყე მეცადინეობა, მიუხედავად იმისა, რომ დებეტ-კრედიტის გარდა არაფერი ვიცოდი, ესეც ყურმოკვრით. პატარა გმირის რეალური მოგზაურობა შიშნარევი ცნობისმოყვარეობითა და ძალიან ღირებული გაკვეთილებით აღსავსე აღმოჩნდა, თუმცა ვგრძნობდი: რაც უფრო რთულდებოდა გზა, მით უფრო მაძლიერებდა ის მე პიროვნულად.
პირველმა გაჩერებამ ქუთაისიდან თბილისში, საგამოცდო ოთახში, ჩამომიყვანა. ბოლო კვირის განმავლობაში წინასწარ განვიცდიდი ჯერ არმომხდარს. ერთი სული მქონდა, როდის გამოჩნებოდა, რა ბიჭი ვარ. თუმცა განცდები იმ დღესაც ვერაფრით მოვიშორე და გამოცდაზე ნერვიულობამ მძლია - სულ რაღაც ორი ქულა დამაკლდა. საგამოცდო ოთახიდან გამოსული, სახეწაშლილი და იმედგაცრუებული, ჯერ კიდევ დაშვებულ შეცდომებზე ვფიქრობდი, როცა EY-დან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემში მონდომებასა და ენთუზიაზმს ხედავდნენ და, რადგან მიზანთან ასე ახლოს ვიყავი, განმეორებით გამოცდასაც დამიფინანსებდნენ.
დარჩენილ ორ კვირაში შიშმა ნელ-ნელა უკან დაიხია. საგამოცდო ოთახში უკვე ახალი შემართებით შევედი და ვადის ამოწურვამდე ნახევარი საათით ადრე გამარჯვებული გამოვედი.
ჩემი პატარა მიზნისკენ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიე, როცა EY-ის ოფისში გასაუბრებაზე აღმოვჩნდი. იმედითა და მოტივაციით აღვსილმა, ხელში სამუშაო ხელშეკრულებით დავტოვე ოფისი. ამ მომენტში საკუთარ თავს შორიდან შევხედე და მივხვდი, რომ მითური გმირის გზაზე ვიდექი და წინ სვლა ერთადერთი სწორი არჩევანი იყო.
შემდეგმა გაჩერებამ გმირი ინტერნების ტრენინგზე მიიყვანა, სადაც პირველი შეკითხვა დასვა და გადარჩა. პირველად ითამაშა ინდივიდუალური თამაში და დამარცხდა, თუმცა არავინ დასცინა. პირველად გაიმარჯვა გუნდურ შერკინებაში, სადაც ყველამ ერთმანეთის წვლილი დააფასა. ამ ყველაფერს კი სიამაყით აკვირდებოდნენ ისინი, ვინც ეს ახალგაზრდები ამ ოთახში შეკრიბა.
გახარებული გავეშურე შემდეგი გაჩერებისკენ - EY-ის ოფისისკენ კოტე აფხაზის 44 ნომერში. თუმცა გზაში ახალმა ეჭვმა შემომიტია: იქნებ ამ გაჩერებაზე მხოლოდ ძალიან ჭკვიანი ადამიანები ჩადიან? აქ თვალში მომხვდა დიდი, ფერადი ლამპიონები, რომელთა შუქზეც დავინახე ყვითელი შენობა და მის ფანჯრებში - თავიანთი საქმეებით გართული ადამიანები. მივხვდი, რომ მეც სადღაც მათ შორის ვიყავი.
მთელი ამ მარშრუტის განმავლობაში მკაფიოდ გავაცნობიერე, რომ პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ჩემს თავში, აღქმებსა და შეხედულებებში იყო. გავიაზრე, რომ გარემოებებზე გამარჯვების მთავარი იარაღი პოზიტიური ხედვა და ოპტიმისტური დამოკიდებულებაა. მას შემდეგ ბევრი გაჩერება იყო ჩემს ცხოვრებაში. მათ შორის ერთ-ერთი, ყველაზე დასამახსოვრებელი - რამდენიმე წლის შემდეგ ახალ თანამშრომლებთან შეხვედრა, რომლებსაც მოტივაციისთვის ჩემი ამბავი გავუზიარე და წარმატებული მოგზაურობა ვუსურვე.“