14/12/2023
📍 ელექტრო უსაფრთხოება
სამუშაო ობიექტებზე ელექტრო მოწყობილობები, ელექტრო კაბელები, ჩამრთველების კაბინები და სხვა ელ.საშიში ზონები უნდა იყოს იზოლირებული მესამე პირებისგან (არაკვალიფიციური პირები). მსგავსი ადგილები უნდა იყოს აღნიშნული შესაბამისი მაფრთხილებელი და ამკრძალავი ნიშნებით. ელექტრო მოწყობილობებთან, ელექტრო კაბელებთან, ჩამრთველების კაბინებთან და სხვა ელ.საშიში ზონებთან უნდა მუშაობდეს მხოლოდ სერტიფიცირებული ელექტრიკოსი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
‼️ ელექტროობასთან უნდა მუშაობდეს სულ მცირე ორი პირი. 👬
აღჭურვილობის, ელექტრული მოწყობილობების გამართული ფუნქციონირებისა და იმ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც ამ სამუშაო ადგილზე მუშაობენ, მნიშვნელოვანია, დაიცვან ელექტრო სტანდარტები. იზოლაციასთან ერთად, ელექტროშოკისგან დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება არის დამიწება, რომელიც განსაზღვრავს ელექტრო უსაფრთხოებას. დამიწების მთავარი მიზანია დაიცვას ადამიანი ელექტროშოკისგან მიწაზე ძაბვის გადამისამართების გზით.
🔴 აუცილებელია იცოდეთ, რომ არსებობს ცვლადი და მუდმივი დენი, რომელთაგან ცვლადი დენი 3-ჯერ და უფრო მეტად საშიშია, ვიდრე იმავე სიდიდის მუდმივი დენი, რადგან იგი იწვევს კუნთების უწყვეტ სპაზმს. დადგენილია, რომ ნორმალურ პირობებში 42 ვ. სიდიდის ცვლადი ძაბვა საშიშია სიცოცხლისათვის, ნესტიან ადგილებში - 36 ვ., გვირაბებში, ორმოებში, შახტებში და მაღაროებში კი - 12 ვ.
ყველაზე მეტად სახიფათოა, როდესაც დენი გადის სასიცოცხლო ორგანოებზე - გული, ფილტვები, თავის ტვინი. სამედიცინო თვალსაზრისით ადამიანის ორგანიზმზე გამავალი დენი წარმოადგენს ძირითად მატრავმირებელ ფაქტორს.
⭕️ დენის დარტყმის შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენამდე დენის წყარო უნდა გამოირთოს მაქსიმალური სიფრთხილით, რათა საფრთხე არ შეექმნას დახმარების აღმომჩენსაც.
დენის დარტყმის შემთხვევაში პირველადი დახმარების ზომები:
✅ ნუ შეეხებით დაშავებულს სიტუაციის შეფასებამდე, რადგან შესაძლოა, მასზე ელექტროდენი ისევ მოქმედებდეს;
✅ გამორთეთ დენის წყარო ან მოაშორეთ დაშავებული შემთხვევის ადგილს. დაშავებული დენის წყაროს უნდა მოაშოროთ მშრალი საგნის მეშვეობით, რომელიც დენს არ ატარებს (მუყაო, პლასტმასა, ფიცარი (შეუღებავი), ხის ტოტი);
✅ დააკვირდით, სუნთქავს თუ არა დაზარალებული, თუ არ სუნთქავს, დაუყოვნებლივ დაიწყეთ ხელოვნური სუნთქვის ჩატარება. შოკის თავიდან ასაცილებლად დაშავებული ისე დააწვინეთ, რომ თავი სხეულზე დაბლა მოხვდეს, ფეხები კი ზევით აუწიე;
✅ მიუხედავად დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში!
⚠️ გთხოვთ, ყოველთვის დაიცავით ელექტროუსაფრთხოების წესები, რადგან აღნიშნული წესების უგულებელყოფა გამოიწვევს სხვადასხვა სახის ელექტროტრამვებს, კერძოდ, ელექტრული დამწვრობები, მექანიკური დაზიანებები, ელექტროოფტალმია და სხვა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში - ფატალურ შედეგს.
🟩NEVER FORGET ABOUT HEALTH AND SAFETY
🟩 არასოდეს დაივიწყოთ შრომის უსაფრთხოება