24/03/2025
კომპანია რეფორმატიკსის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს შუა კორიდორის თემაზე მუშაობა, და ბუნებრივი რესურსებით მდიდარ შუა აზიასა და კავკასიის რეგიონში დასავლური ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენი ღრმა რწმენით, აღნიშნული პროექტების განხორციელებით საქართველოს, როგორც შუა კორიდორის ქვეყანას, შეუძლია მოიპოვოს გლობალურად მნიშვნელოვანი როლი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ თემაზე 2024 წლის ოქტომბერში დეტალური პრეზენტაცია გააკეთა ჩვენი კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, ნიკა გილაურმა (ნიკა გილაურის ლექცია და პრეზენტაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია).
რეფორმატიკსის გუნდი იკვლევს შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ბუნებრივ რესურსებს და საინვესტიციო პოტენციალს, და უკვე მუშაობს ინტენსიურად, რომ უმსხვილესი გლობალური ინვესტორები ამერიკიდან და ევროპიდან დააინტერესოს სტრატეგიული პროექტებით ამ რეგიონში. აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია რეფორმატიკსის, როგორც პოტენციური ინვესტორების ბიზნეს პარტნიორის, ცნობადობის გაზრდა დასავლეთის ბაზრებზე და განსაკუთრებით აშშ-ში, რადგან ბუნებრივ რესურსებში ინვესტირება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვექტორს წარმოადგენს.
სწორედ ამ მიზნით თანამშრომლობს რეფორმატიკსი ამერიკულ კომპანია Continental Strategy-სთან. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა ამ თანამშრომლობის შესაძლებლობა, რადგან ამერიკული კომპანიები მომსახურებას ყველა პოტენციურ მსურველს არ უწევენ, მათ ისტორიას და მიზნებს დეტალურად იკვლევენ და მხოლოდ სანდო და კვალიფიციურ პარტნიორებთან აფორმებენ ხელშეკრულებას. ამ შემთხვევაში სრული თანხვედრაა რეფორმატიკსის პრიორიტეტებს, Continental Strategy-ს ხედვასა და აშშ-ს ადმინისტრაციის პოლიტიკას შორის.
უფრო მეტიც, Continental Strategy-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი კარლოს ტრუხიო არის დონალდ ტრამპის ტოპ მრჩეველი (“top Latino strategyst for Trump“, The New Yorker, https://www.newyorker.com/news/persons-of-interest/the-political-journey-of-a-top-latino-strategist-for-trump ) და მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის კომუნიკატორი (https://www.continentalstrategy.com/carlos-trujillo ). კარლოს ტრუხიოს იურიდიული კომპანია, Continental იცავდა პრეზიდენტ ტრამპის ინტერესებს სასამართლო დავის დროს, მაშინ, როდესაც სხვა იურიდიულმა კომპანიებმა ამგვარი ურთიერთობისგან თავი შეიკავეს (https://www.nbcnews.com/news/amp/rcna50955).
Continental Strategy-სთან რეფორმატიკსის კონტრაქტის დეტალები გასაჯაროვდა ამერიკის კანონმდებლობის სრული დაცვით და შეგიძლიათ იხილოთ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე. მეტი ტრანსპარენტულობისთვის გიზიარებთ მოკლე პრეზენტაციას ბუნებრივი რესურსების და შუა დერეფნის თემაზე, რომელზეც რეფორმატიკსი Continental Strategy-სთან მუშაობს (https://reformatics.com/publications/44).
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ პარალელურად რეფორმატიკსის გუნდი აქტიურად მუშაობს შუა დერეფნის თემაზე ევროკავშირის ქვეყნებში და გეგმავს აქტივობებს ამ მიმართულებით.